Before & After

მე როგორც დავაკვირდი, ადამიანების უმრავლესობას ცვლილებები ეზარება.

ცვლილებებს ძალისხმევა სჭირდება და თავის ატკივება ტყუილად არავის უნდა.  სადღაც ისიც კი წავიკითხე, რომ დაკლების შემდეგ მეტაბოლიზმი ნელდება და ორგანიზმი იბრძვის, რომ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, არც ორგანიზმს უყვარს ცვლილებები.

მაშინ რატომ ვაგრძელებთ ბრძოლას იმასთან, რაც ასეთი რთული შესაცვლელია?
იქნებ სჯობს, საკუთარ თავში მოვნახოთ ძალა და დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ.
როცა ტელევიზორთან ვსხედვართ და რამე სასუსნავი მოგვინდება, ავდგეთ და შევჭამოთ.
როცა დაგვეზარება რამდენიმე მეტრის ფეხით გავლა, თავი დამნაშავედ არ ვიგრძნოთ.
აუღელვებლად შევუკვეთოთ მენიუდან ის კერძი, რომელიც ყველაზე კალორიულია და რატომღაც ყველაზე გემრიელი.

ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა.

Continue reading

როგორ გავზარდოთ ბავშვები ჯანსაღად

მე და ინდიანა ჯონსს გვიყვარს გრეიპფრუტი

მე და ინდიანა ჯონსს გვიყვარს გრეიპფრუტი

მაინც როგორ უნდა შევაჩვიოთ ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს? როგორ ვუბიძგოთ მათ ჯანმრთელი საკვებისკენ, მაშინ, როცა გარშემო ამდენი ცდუნებაა. დავაკონკრეტებ, ორ ძირითადად მონსტრს ვგულისხმობ: ტკბილეულს და სწრაფი კვების პროდუქტებს.

იქნებ ტკბილეული უნდა დავუმალოთ? არა მგონია, ეს საბოლოოდ ეფექტური ნაბიჯი აღმოჩნდეს. საკუთარ მაგალითს გეტყვით. ჩემს სახლში მაგიდაზე ტკბილეული მხოლოდ ახალი წლების დღეებში იდო, დანაკლისს კი სხვების სახლებში ვინაზღაურებდი. როცა მუდმივად შოკოლადი გინდა და  სტუმრად მისული ხედავ შოკოლადს, თავის შეკავება ძალიან გიჭირს.

რამდენჯერაც ამ თემაზე მიფიქრია, მივსულვარ 2 მთავარ დასკვნამდე:

ა) არაფერი არ უნდა იყოს აკრძალული, უბრალოდ უნდა არსებობდეს ალტერნატივა. ჯანსაღი ალტერნატივა.
ბ) მშობლებმა მაგალითი უნდა მისცენ შვილებს.

Continue reading

ახალი და სასარგებლო ჩვევები vol.1

ადრეც ვწერდი, რომ მხოლოდ წონაში კლება არაფერია, მთავარია, რომ ჯანსაღი კვება და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრება წესად აქციო. ჯანსაღი ცხოვრება კი გარდა მთავარი აქტივობებისა (სასარგებლო პროდუქტების ჭამა და ბევრი მოძრაობა) პატარა და მნიშვნელოვანი ჩვევებისგან შედგება, რომელთა დანერგვასაც მე აქტიურად ვცდილობ.

მეტი წყალი

არ ვიცი, რატომ. მაგრამ სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი დიეტოლოგების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ბევრი წყალი უნდა დალიო. სულ ვფიქრობდი ხოლმე: როგორ დავლიო იმაზე მეტი წყალი, ვიდრე მინდა? ან რატომ უნდა დავლიო? მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ არსებობს ბევრი რამ, რის შესახებაც ორგანიზმი არაფერს გვეუბნება, მაგრამ სჭირდება. ბოლოს გადავწყვიტე, წყლისთვის შანსი მიმეცა.

ცნობილ ,,ჯანმრთელ” ბლოგებზე ამოკითხული რჩევის მიხედვით დავასკვენი, რომ დღეში 8 ჭიქა წყალი ოპტიმალური ვარიანტია. 8 ჭიქა წყალი კი ნამდვილად არაა ცოტა.  ამიტომაც საკუთარი მეთოდების შემუშავება დამჭირდა, რომ როგორმე მეტი სითხე მიმეღო.

Continue reading

,,დილატო”_ მუდამ მოძრაობაში

რაც მაცვია, არ შეიმჩნიოთ. პირველ ვიზიტზეა გადაღებული, როცა უბრალოდ ,,ვტესტავდი" ყველაფერს

მას შემდეგ, რაც ,,პრაიმ-ფიტნესი” დაიხურა, მე ცოტა ხანი ჰაერში ვიყავი. ჰაერში რა, გულმოდგინედ ვეძებდი ისეთ სავარჯიშო დაწესებულებას, რომელშიც სიამოვნებით ვივლიდი. რაც არ უნდა  ბევრჯერ ვთქვა, ვარჯიშზე ვგიჟდები-მეთქი, ვარჯიში მხოლოდ მაშინ მიყვარს, როცა ტრენაჟორებზე ვდგავარ ან ტრენაჟორებიდან ჩამოვდივარ. ვარჯიშზე წასვლა კი მეც ძალიან მეზარება. იმისთვის, რომ ჩანთაში ყველაფერი ჩავალაგო და ხელ-ფეხის გასაქნევად წავიდე,  გახდომის მოტივაციასთან ერთად  კომფორტული პირობებიც უნდა მიწყობდეს ხელს.

კლუბის სერვისებიც ძალიან მნიშვნელოვანია. კომპლექსური მიდგომის გარეშე გახდომა არასწორი გახდომაა, ამიტომ ძალიან მინდოდა, შერჩეულ დაწესებულებას ტრენაჟორების გარდა სხვა ,,რამეც” ჰქონოდა. ,,დილატოს” კი საუნა აქვს. მშვენიერი, სქესობრივი ნიშნით იზოლირებული საუნა.

Continue reading

0 სართულის ჯადოქრობები

როცა დიეტა დავიწყე, ყველა მეუბნებოდა, რომ მხოლოდ დიეტა არ კმარა. მერე დავამატე ვარჯიში, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ვარჯიშიც არ კმარა. აბა კიდევ რა არის საჭირო?
3… 2…. 1…. მასაჟი!

ცხიმების დასაშლელად, ვარჯიშს აუცილებლად სჭირდება მასაჟის დახმარება. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში სწორედ ამ განზრახვით მივედი.  რამდენიმე ექიმს გავესაუბრე და მირჩიეს, მხოლოდ მასაჟზე ნუ იქნები ორიენტირებული და ყველაფერი სცადე, რაც შენს სხეულს დაეხმარებაო.

სურათზე ჩემი მასაჟისტი მამუკა ჯიქიაა.  მას  პროექტის არსზე ვესაუბრე და ავუხსენი,  რომ პროექტის დასრულებისთვის 67 კილო უნდა ვიყო. მერე ერთად დავსხედით და ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები განვიხილეთ.  აღმოჩნდა, რომ მასაჟი რომც დავამატო, ჩემი ცხოვრება მაინც არ იქნება სრულყოფილი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არც დიეტის, ვარჯიშისა და მასაჟის ერთობლიობაა საკმარისი. საჭიროა სწორ დროს დაძინება და სწორ დროს გაღვიძება. ვუსმენდი და ჩემი ტვინი უწყვეტ რეჟიმში ქმნიდა დრამას: რატომ, რატომ, რატომ?  ხომ წაიღეთ ჩემი შოკოლადი, ჩიფსები და თავისუფალი დრო:  უძილო ღამეები მაინც დამიტოვეთ! :დ

გადაწყდა, რომ მე ძალიან ვეცდები  პირველ საათზე დაძინებას, რომ 8ზე ავდგე და 3 კილომეტრი ვიარო ფეხით. მერე სახლში მოვალ და ცოტას ვივარჯიშებ. ვარჯიშიდან 1 საათში შევჭამ ,,ეკო-ფუდის” უცხიმო ხაჭოს და ჭამის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დავიძინებ. მერე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მაგრამ 4-ზე ცენტრში ვიქნები. გავიკეთებ მასაჟს და რომელიმე ერთ სხვა პროცედურას. მერე წავალ ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ და სახლში რომ დაღლილი დავბრუნდები, მპირდებიან, რომ აუცილებლად დამეძინება.

Continue reading

სად გვეჩქარება?

ვარჯიში სიამოვნებაა. გადაღებულია ,,დილატოში"

არიან ადამიანები, რომლებიც წლობით ცხოვრობენ ზედმეტი წონით და როცა დაკლებას გადაწყვეტენ, უცებ აღმოჩნდება, რომ ძალიან ეჩქარებათ: სურთ,  თვეში 10 კილო დაიკლონ.

არიან ადამიანები, რომლებსაც სულაც არ აწუხებთ ზედმეტი წონა, მაგრამ სხვების კლების ტემპები არ მოსწონთ: რა ამბავია 99 დღე. 10 კილოს ერთ თვეში უნდა იკლებდე. შენ როგორ აპირებ? რაა?  თვეში 3 კილო? თვეში სამი კილო რა ჩემი ფეხებია?

არადა თვეში სამი კილო ძალიან კარგი კლებაა. თვეში 3 კილო არის 3 თვეში 9 კილო, 6 თვეში 18, 12 თვეში_ 36. ახლა გაიხსენეთ რამდენი წელი გასულა ისე, რომ 2 კილოზე მეტი არ დაგიკლიათ და მიხვდებით, რომ თვეში 3 კილო ძალიან კარგია.

Continue reading

It’s my party

.............

13 თებერვალს 99 დღის ფართი იყო ,,City time”-ში. მოდი, ამას მივაწეროთ, რომ დიდი ხანია ახალი პოსტი არ დამიდია და აქვე დაგპირდებით, ასე აღარ ვიზარმაცებ.

ვერ წარმოიდგენთ სინამდვილეში რა რთულია ისეთი ფართის ორგანიზება, რომელიც ყველას მოეწონება. ყველას გემოვნებას ვერ გაითვალისწინებ და ვერც ყველას მოლოდინს გაამართლებ.  ამიტომაც გადავწყვიტე, ბრმად მივნდობოდი საკუთარ ალღოს და გამეკეთებინა ფართი, რომელსაც მე თვითონ სიამოვნებით დავესწრებოდი, ჩემი ორგანიზებული რომ არ ყოფილიყო.
ვიფიქრე, რომ ის, რაშიც მთელ ძალისხმევას ჩავდებდი, სხვებსაც მოეწონებოდათ.
ასეც აღმოჩნდა.

აი, ასეთი ვიყავი მე

მიზანი პირველი: შესაფერისი ადამიანების პოვნა

ვინ მოხვდა და ვერ მოხვდა ფართიზე? ფართიზე მოხვდნენ პროექტის პარტნიორები (ტატიშვილის კლინიკის, სპორტის სამყაროს, ეკო-ფუდის, დილატოს, ჰეარ-ჰაუსის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები). ფართიზე მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც ფეიჯზე გათამაშებები მოიგეს და პროექტის მეგობრები_ ბლოგერები, რომლებიც კომენტარებში აქტიურობენ და ინტერესსაც მუდმივად გამოხატავენ. ფართიზე ვერ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი ანინა ერჩივნათ.

მიზანი მეორე: შესაფერისი ადგილის პოვნა

თბილისის ბარებზე და კაფეებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ გამიმართლა, City time-ს რომ მივაგენი. City time  ლეონიძის ქუჩაზეა (ეს ქუჩა ის ქუჩაა, მერიოტიდან რომ ადის ზემოთ), დიდი სივრცეა, აქვს სცენა, აქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო და დაბალი ფასები ( თქვენ რა ფასებიც წარმოგიდგენიათ მისაღებად, ყველაფერს 2 ლარი გამოაკელით). რა თქმა უნდა, WIFI-ც არის. ახალი გახსნილია და მისი არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. ასე რომ ცოტა ჰიპსტერულად გამოვიდა, არჩევანი რომ ამ ბარზე შევაჩერე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ მალე City Time-ს შესახებ უამრავი ადამიანი გაიგებს. აი, თქვენ რომ თავისუფლების მოედანზე იქნებით ძალიან მშიერი და 7 ლარით ჯიბეში, ხომ ეს ადგილი გაგახსენდებათ?

Continue reading

დიდი შოპინგი ,,შანაში”

რამდენი ლარია საჭირო იმისთვის რომ ნაქსოვი შარფი, ხელთათმანები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯინსი, გრძელმკლავიანი ,,ზედა” და პალტო იყიდო?

მე ვფიქრობდი, რომ მინიმუმ  330, მაგრამ “შანაში”  ეს ყველაფერი 250 ლარი დამიჯდა. გასაგებია, რომ 250 ლარი ცოტა ფული არაა, მაგრამ არც შარფი/ხელთათმანი/ფეხსაცმელი/ჯინსი/ზედა და პალტოა ცოტა.

ამასწინათ ვწერდი, რომ “შანაში” ერთი-ორი რამ ძალიან მომეწონა, მაგრამ ახლახან რომ მივედი, შერჩეული ტანსაცმელი  გაყიდული დამხვდა, სამაგიეროდ, ახალი კოლექცია ჰქონდათ, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. ყველაფერი ხაზგასმით ახალგაზრდული იყო და ხაზგასმით იაფი.

Continue reading

რეჟიმი

ყველაფერი კარგად მიდის. ზედმეტად კარგადაც კი. ვცხოვრობ, დავდივარ, ზომიერად ვჭამ, ვვარჯიშობ და ნერვები არ მეშლება. სასიამოვნო სიმსუბუქის შეგრძნება მაქვს. ადრე თუ 1000დან ერთ ფოტოზე გამოვიყურებოდი კარგად, ახლა 10დან 7 ფოტოზე მომწონს ჩემი თავი და სხეული. დანარჩენი სამი ფოტო კი მხოლოდ იმას მახსენებს, რომ შემიძლია, 10დან 10ვე ფოტოზე კარგად გამოვიყურებოდე, თუ მოვინდომებ.

ბევრ წყალს ვსვამ. ძალიან მიჭირს: მავიწყდება, მეზარება და ასე შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია. გაასწორებდა, ვინმე რომ დამდევდეს და თითო დალეულ ჭიქაზე 50 თეთრს მაძლევდეს. თვის ბოლოს რამე სიმბოლურს ვიყიდდი. მაგალითად, შადრევანს.

ეს დღეები გამოცდებისთვის ვემზადები. მეც, ისევე როგორც თქვენ და თითქმის ყველა ადამიანი, არაფერს ვსწავლობ გამოცდის წინა ღამემდე. ხანდახან, გამოცდის წინა ღამესაც კი ვყოფ გასართობ/სასწავლ ნაწილებად და ერთ საკითხს რომ ვისწავლი, მერე 1 საათი ვთამაშობ Ranch rush-ს. ღამე სიფხიზლეს კი ის მინუსი აქვს, რომ ძალიან მშივდება. გადავწყვიტე, რომ თავი არ დავიტანჯო ხოლმე და რამე ისეთი მივიღო, რაც დილას საშინელებად არ მომეჩვენება.
თუნდაც კეფირი

ღამის ნათურის განათებაა. წინ ბევრი ქსეროქსი მიდევს და ცოტა შორს, მაცდურად_ ლეპტოპი

ღამის ნათურის განათებაა. წინ ბევრი ქსეროქსი მიდევს და ცოტა შორს, მაცდურად_ ლეპტოპი

Continue reading

ის, რასაც აქამდე არ ვიცვამდი

სულ ჯინსები მაცვია და სპორტული ფეხსაცმელი.  ძნელი გასარკვევია, მე ავირჩიე ეს სტილი თუ ამ სტილმა ამირჩია მე. ერთი ის ვიცი, რომ შემთხვევითი არაა, ჩემს კარადაში კაბები რომ არ კიდია. გაშვებული უფორმო კაბები არ მომწონს, მომდგარი_ უბრალოდ არ მიხდება. კაბა როცა მაცვია, თავს თავდაჯერებულად ვერ ვგრძნობ, ამიტომაც ჩემს თავთან პირობა მაქვს დადებული: კაბას მხოლოდ მაშინ ჩავიცვამ, როცა სასურველი წონა მექნება.

ჩემს სიაში: ,,რას გავაკეთებ, როცა გავხდები”  ტანსაცმელთან დაკავშირებით სულ 5 პუნქტია:

  • ბევრს ვიშოპინგებ
  • ჩავიცვამ ლეგინსებს
  • ჩავიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მოკლე კაბას
  • ჩავიცვამ პერანგებს (ე.წ. ,,საროჩკებს”)
  • ჩავიცვამ სქინი შარვლებს

ამ ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, რომ მემჩნევა დაკლება და მეც ვხვდები, რომ ამ საქმეში მარტო არ ვარ. კომპლიმენტებით გათამამებული გუშინ ,,შანაში” შევხეტიალდი: ჩემს ტანზე ისეთი ტანსაცმელი უნდა გამეტესტა, რომლის  ჩაცმასაც ადრე ვერ გავრისკავდი.

Continue reading