9 მიზეზი, თუ რატომაა ზედმეტი წონა ცუდი

როცა ძალიან, ძალიან გწყინს წონასთან დაკავშირებული შენიშვნები, არსებობს სამი გზა:

1. გარშემომყოფებს დაუმტკიცო, რომ სინამდვილეში წონისა და სილამაზის ურთიერთმიმართება არც ისეთი პირდაპირია, როგორიც მათ ჰგონიათ (მიაქვს მთელი ცხოვრება).

2. გამოიმუშავო დამცავი კედელი და ყოველ ჯერზე, როცა გესვრიან ,,გამხდარი რომ იყო, რა კარგი იქნებოდა-ს”, დაახვედრო ,,ასეც ძალიან კარგი ვარ-ი”  (მიაქვს უზარმაზარი ძალისხმევა).

და

3. გახდე (მიაქვს 99 დღე)

მას შემდეგ რაც გენიალური წარუმატებლობები განვიცადე პირველ და მეორე პუნქტში, გადავწყვიტე, მესამესთვის სერიოზულად მიმეხედა. სწორედ მაშინ მოვუყარე თავი  იმ მიზეზებს, რომელთა გამოც გახდომა მინდოდა და მინდა.

9. შოპინგი

აი, ამ პოსტშიც აღვწერე, რა საშინელებაა მაღაზიებში სიარული, როცა ,,სტანდარტულ” ზომებში ვერ ჯდები.  ჭარბწონიანებისთვის შოპინგი საერთოდ არაა სტრესის მოხსნის საშუალება, უფრო პირიქით: მრავალფეროვან  კომპლექსებს აჩენს და კიდევ უფრო  ართულებს მომავალში ახალი ტანსაცმლის შეძენას. ხანდახან კი ისეც ხდება, რომ საკუთარ სურვილებთან კომპრომისებზე მიდიხარ და იმას ყიდულობ, რაც მოგერგო და არა იმას, რაც გინდოდა. ხასიათის რამდენიმე დღით გაფუჭებაში უტაქტო გამყიდველებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.  ისეთი უკმაყოფილოები არიან ხოლმე, როცა რამე სამოსი არ გეტევა (როგორ, ესეც არ გეტევათ? ამაზე დიდი არ არსებობს), თითქოს შენზე მეტად აწუხებდეთ ეს საკითხი.

8. საცურაო კოსტიუმი

ის საშინელი შეგრძნება გამახსენდა ახლა, სარკის წინ რომ დგახარ საცურაო კოსტიუმში და საკუთარ სხეულს ისე რომ უყურებ, როგორც სხვისას. რამდენიმე წუთში აუზში უნდა ჩახვიდე და შენკენ ერთდროულად უნდა მობრუნდეს რამდენიმე ათეული თავი, შენ კი არც იცი, გაუძლებ თუ ვერა ამ მზერებს.  შეიძლება შემთხვევით იმასაც მოკრა ყური, ვინმე როგორ განიხილავს შენს ფორმებს. როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში ცურვით სიამოვნების მიღება საერთოდ შესაძლებელია?

7. ფოტოები

გული მისკდება,  თუ ფეისბუქზე ვინმე რომელიმე ფოტოზე მნიშნავს. უკვე ვიცი, ფოტოზე აუცილებლად გამოჩნდება ის, რისი დამალვაც ასე მინდა, მერე კი ,,თაგის” მოხსნა მომიწევს. გახდომა თუნდაც იმიტომ მჭირდება, რომ ჩემი ფოტოების ასე საშინლად აღარ მეშინოდეს.

6. ,,მშია”

მამაჩემი ძალიან ღიზიანდება, როცა ხედავს, როგორ ჭამს მსუქანი ან უბრალოდ, ზედმეტწონიანი ადამიანი ქუჩაში ხაჭაპურს/ქადას/ბუტერბროდს.  ხანდახან სიტყვიერადაც გამოხატავს აღშფოთებას (აი, ამიტომაა გასიებული). სამაგიეროდ, რეაქცია არ აქვს,  როცა გამხდარი გოგო ან ბიჭი გემრიელად ილუკმება. მსუქნებისთვის საჭმლის მიღება დანაშაულია, მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, საზოგადოების წინაშეც. სწორედ ამიტომ ერიდებიან  ხოლმე ისინი საჯაროდ ჭამას, ერიდებიან იმის თქმას, რომ შიათ და ფეისბუქზეც ყველაზე იშვიათად წერენ  ასეთ სტატუსებს: პიცაა მინდააააა. სად ვიშოვო პიცა ღამის 4 საათზე?

5. დაბალი თვითშეფასება

სიმსუქნე ყველა ადამიანის თვითშეფასებას უქმნის საფრთხეს. ერთი გესლიანი კომენტარი წონაზე და საკუთარი თავისადმი აგრესია გარანტირებულია. ხშირად ჭარბწონიან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი არავის მოეწონება და ამიტომ ეჭვით უყურებენ ყველას, ვინც მათდამი სიმპატიას გამოხატავს.  მათთვის გაცილებით რთულია, თავდაჯერებულები იყვნენ, ვიდრე გამხდრებისათვის.

4.  ტყუილი

ნუ კითხავთ ჭარბწონიან ადამიანს, რამდენს იწონის. ამით თქვენ მას აიძულებთ, მოიტყუოს.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მოგატყუებთ, თავს ძალიან უხერხულად იგრძნობს პასუხის გაცემისას. მე ვიცი რას ნიშნავს ეს გრძნობა, რადგან ზუსტად იმავეს განვიცდიდი, როცა ბლოგზე ჩემს წონას ვწერდი.   მე არ მომიტყუებია, მაგრამ დიდად სასიამოვნო არ იყო.

3.  მიმართვის ფორმები

ყველაზე რბილი სიტყვაც კი, რომელიც წონას უკავშირდება (მაგალითად, პუტკუნა), ძალიან ცუდად ჟღერს, თუ შენს წონას  განიცდი. რომ აღარაფერი ვთქვათ მსუქანაზე ან სქელტრაკაზე.  თუ ზედმეტი წონა გაქვს და ამავდროულად ძალიან ლამაზი თვალები, უფრო დიდი შანსია,  რომ ვინმემ პუტკუნა გიწოდოს, ვიდრე ნუშისთვალება.

2. სტერეოტიპები

გაინტერესებთ, როგორ აღგიქვამენ ადამიანები, რომლებიც პირველად გხედავენ? მე ახლახან გავიგე.  ბიჭმა, რომელიც საერთოდ არ მიცნობდა, ჩემი გარეგნობის მიხედვით დაასკვნა, რომ გულუბრყვილო და ბუნჩულა ვარ, ყველაფერი ადვილად მტკენს გულს და ჩემთვის მთავარი ოჯახური კერაა.  გასაგებია, რომ ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი ვიზუალი  ჩემს პიროვნებას ასე ცუდად ასახავს. მაშინ მივხვდი, რომ დგება ცხოვრებაში  მომენტები, როცა გირჩევნია, შენზე თქვან, რომ აუტანელი, უხეში და ქედმაღალი ხარ, ვიდრე ,,ბუთქუნა” და საყვარელი.

1. მაგრამ

როცა ჭარბი წონა გაქვს, ეს ფაქტორი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე შენი დადებითი თვისებები.  შედეგად კი ვიღებთ ისეთ არაადამიანურ ფრაზებს, როგორებიცაა  ,,ჭკვიანია, მაგრამ მსუქანი”, ,,მერე რა რომ მსუქანია, ყველა ლამაზი ხომ ვერ იქნება”, ,,კარგი გოგოა/ბიჭია, მაგრამ მსუქანია” და ასე შემდეგ.

ვიცი, რომ ეს საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ თუ საზოგადოებას ვერ ცვლი და მუდმივ რეჟიმში დაძაბული ხარ, საკუთარი თავის შეცვლა იდეალური გამოსავალია.

დაკლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მაინც ჯანმრთელობას უკავშირდება, მაგრამ რაკი ჩემი წონა ისეთი საგანგაშოც არაა, რომ ამ კუთხით პრობლემებს ქმნიდეს, მხოლოდ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე გავამახვილე ყურადღება. თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით?

31 responses

  1. ჰო, თან როცა 15წლის ხარ ხომ საერთოდ… ამის შედეგი იყო ჩემი რამდენიმე თვიანი შიმშილობა მაგრამ მერეც არ მოისვენეს, არ შეიძლება დიეტაო მოზარდის ორნაგიზმისთვისო და ბლა ბლა ბლა. მოკლედ ამ ხალხს ვერაფრით ასიამოვნებ :@ :დ

  2. ალბათ მაღალი ხარ ხო?იმიტომ რომ სურათებში არ ჩანხარ მსუქანი,არც გამხდარი.

    კარგად გამოიყურები მართლა

    ღიპიც არ გაქვს,ნორმალური წონა გაქვს,მგონი ზედმეტად იკომპლექსებ თავს

  3. იმჰო, მაინც ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო და მერე დაიკლო. ანუ, საკუთარი თავის შეყვარებაში იმას ვგულისხმობ, რომ მეორე პუნქტი
    ”გამოიმუშავო დამცავი კედელი და ყოველ ჯერზე, როცა გესვრიან ,,გამხდარი რომ იყო, რა კარგი იქნებოდა-ს”, დაახვედრო ,,ასეც ძალიან კარგი ვარ-ი” (მიაქვს უზარმაზარი ძალისხმევა).” – ძალისხმევას არ საჭიროებდეს.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდია საშიშროება სასწორზე დამოკიდებული გახდე მთელი ცხოვრებით და მაშინვე გზიზღდებოდეს საკუთარი თავი, როგორც კი 2 კილოგრამს მოიმატებ. იქვე ანორექსია/ბულემიაც დგანან ახლოს. მოკლედ, 5, 10 და თუნდაც 35 კილოგრამი არ უნდა გაფიქრებინებდნენ საკუთარ თავზე რომ ცუდი ხარ. დანარჩენებს, რა ჯანდაბაც უნდათ ის უფიქრიათ.

    სხვა მხრივ კი გეთანხმები. გახდომა ბევრ პრობლემას მოხსნის. თუნდაც ის რად ღირს, რომ შოპინგი ბევრად უფრო მარტივი გახდება :)

  4. არ ვიცი, ალბათ საბედნიეროდ, ამ პრობლემებს არ შევუწუხებივარ. თუმცა გამხდრებსაც არ გვაკლია საზოგადოებისგან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები:)) ყველაზე მეტად მე რაც მაღიზიანებს: შემოგხედავენ გარეგნულად არაგიშავს, ესეიგი სულელი ხარ და თავში არაფერი გიყრია. დამთრგუნველია:@

  5. 1. ჩავიცვა ის რაც მინდა <3 მოკლე იუბკები, შორტები, საროჩკები, ლამაზები და ყოველი ახალი რაღაცის ყიდვისას ის არ მაწუხებდეს ვაი თუ გაზომვისას არ ჩამეტიოს, ან მუცლის ქონები ცუდად გამოჩნდესთქო.

    2. მგზავრობისას ძალიან უხერხულად ვარ ხოლმე. მგონია ვაწუხებ ვინმეს დგომის დროსაც კი. + ამას, ყოველ დილით უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტუბუსში გამხდრის ასვლა/ჩამოსვლა გაცილებით ადვილი იქნება ვიდრე თითქმის 100 კილოსი.

    3.მიუხედავად იმისა, რომ relationship_ების რაოდენობას არ ვუჩივი (ბიჭებს ვგულისხმობ) მაინც მაქვს რაღაც კომპლექსის მსგავსი. ნუ, კაკ მინიმუმ მინდა რომ ვინც მომეწონება იმან ჩემზე არ იფიქროს რას გაქვსო. ან მხოლოდ "რა საყვარელი ხარ" ფრაზით არ შემოიფარგლოს.

    4.საბედნიეროდ ზღვაზე ან აუზზე "კუპალნიკებით" გასვლის კომპლექსი არ მაქვს. მაგრამ მაინც მიტყდება როცა ყველა მე მიყურებს.

    5. აღარ მითხრან რომ გახდები რა ლამაზი გოგო იქნებიო და მარიამს (ჩემს დას) ასი თავით აჯობებო. სარკეში ჩაიხედე რა კარგი ნაკვთები გაქვს და სიმსუქნის გამო რას ჰგევხარო (ძირითადად დედაჩემი მეუბნება).

    6.დედაჩემმა აღარ შემახსენოს, რომ ათასობით ლარი აქვს დახარჩული ჩემს ექიმებთან როცა გამოკვლევებზე მივყავდი და როცა რამდენიმე კვირა ვიცავდი დიეტას. ექიმებზე + წამლებზე. (საბედნიეროდ არაფერი დარღვევა არ მაქვს)

    7. სექსის დროს გამხდარი ადამიანი ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე მსუქანი, ალბათ. გაცილებით მოქნილი და ყველა პოზის შემსრულებელი, + უფრო სექსუალი.

    8. სოფელში მდინარეზე აღარ ვიბანაო შორტით და მაისურით, არამედ "კუპალნიკით".

    9. აღარ მითხრან, რომ მსუქანი ადამიანები კეთილები არიანო და შენ რამ გაგაბოროტაო.

    10. უბრალოდ მგონია რომ გამხდარს ყველაფერი უხდება!

    • ავტობუსში ჩასვლა/ამოსვლა მეც ძალიან მიჭირს და მე ყოველთვის ვიღაცას ვაწუხებ იმიტომ, რომ ჩანთა მრჩება ადამიანებს შორის და იმათ ვწევ და ვაძღობ ჩემს ჩანთას და ა.შ.
      გატენილი ავტობუსი არის ბოროტება ყველასათვის. მაგაზე ნუ ღელავ, ნათ

  6. ანინა, ერთ დღეს შეიძლება ძალიან გახდე და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან რომ ფიცარივით ხარ, ქალს უნდა ჰქონდეს ხორცი და ა.შ :დ ორივე ეტაპი მქონდა ცხოვრებაში–ზოგს სიგამხდრე მოწონს, ზოგს სისრულე , მთავარია თავად მოგწონდეს შენი თავი. მე პირადად გამხდარი ადამიანები სექსუალურად არ მიზიდავენ

    • დალაიქება არ არის აქ,ამიტომ ამ კომენტარით გამოვხატავ,რომ შენს პასუხს ვუერთდები =^_^=

    • აი, ზუუუუუუუუუუსტად!!! წაღებული მაქვს ტვინი სიტყვებით, რომ ,,ქალს უნდა ჰქონდეს ხორცი”, და რომ ,,ძვალი და ტყავი ვის რად უნდა” და ა.შ. ასე რომ არამკითხე მოამბეები მსუქნებსაც ხშირად აწუხებენ და გამხდრებსაც.

      • ჰო,აი მე გახლავართ საზოგადოებისგან შეწუხებული გამხდარი და ეხლა ჭამას მოვუმატე ცოტა ავკიროფო კგ-ები:)

  7. me davikeli 55 kilo or tselitsadshi…. da Cemi cxovreba galamazda…. 30 tslis var da aseti gamxdari arasdros vkofilvar… me mivagtsie mizans!

  8. “ვიცი, რომ ეს საზოგადოების პრობლემაა” ზუსტადაც,რომ საზოგადოების პრობლემაა და არა ჭარბწონიანი ადამიანების. პრობლემა ყოველთვის საკუთარ თავშია და არა გარეთ.საკუთარი თავი რომ უყვარდეს ისეთი როგორიც არის (და თან სიყვარულით ზრუნავდეს,რომ გახდეს ისეთი როგორიც თვითონ უნდა) მაშინ არავისი უხამსი კომენტარი არ ატკენს გულს.სხეულს რა სიგნალსაც (გრძნობას) (აუ რას ვგავარ.რა მსუქანი ვარ.ასე არავის მოვეწონები) უგზავნი იგივეს გიგზავნის ისიც.

    • ეგ ჩაკეტილი წრეა, ირაკლი. ჭარბწონიანი ადამიანები საკუთარი სხეულით სწორედ საზოგადოების ზეწოლის გამო არიან უკმაყოფილო. ჰაერიდან კი არ მოაქვთ არასრულფასოვნების შეგრძნებები :)

    • გეთანხმები ირაკლი. მაგრამ ძნელია ეს, არ გატკინოს გული ვიღაცის კომენტარმა, შეიძლება არც იყოს კომენტარი და უბრალოდ თვითონ იფიქრო ასე, ვაი მგონი ჩემი წონის გამო შემომხედაო. :( მე, პირადად არ მაქვს ჭარბწონიანობს პრობლემა, წესით არც გარეგნობას ვუჩივი, მაგრამ ზოგჯერ ხომ შეიძლება უხასიათოდ იყო და ყველაფერი ცუდად მოგეჩვენოს. :)

  9. მგონი შენი ბლოგი სტიმულს მომცემს გავხდე, თორე ისე არაფერი მეშველება, სამწუხაროდ, არ შემიძლია არ ვჭამო, როდესაც მშია, ცუდად ვხვდები. შიმშილობისას ნერვები საშინელ დღეში მაქვს. ვიცი, რომ აუცილებელი არ არის ვიშიმშილო იმისთვის, რომ გავხდე, მაგრამ როგორი მდიდარი რაციონიც არ უნდა ჰქონდეს დიეტას, მაინც არ შემიძლია რა ეს გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდომა… თან ისეთი არეული ცხოვრების რიტმი მაქვს, ყოვლად შეუძლებელია რაღაც რეჟიმს მოვერგო, ხან ისეც ხდება, რომ მთელი დღე ვერაფრის ჭამას ვერ ვახერხებ და სახლში რომ მივდივარ ყველაფერს ვჭამ რაც დამხვდება :დ მოკლედ, მე თუ რამე სახის დიეტას დავიცავ, ეს ამ ბლოგის დამსახურება იქნება :)

  10. ძალიან კარგი პოსტია და ნათლად ასახავს ყველაფერს. მთავარი კომპლექსების მოშორებაა და მეტი თავდაჯერებულობა.

  11. ამ ბლოგს მაგრად შევჶცვიე, ბლოგის ავტორთან ბოდიში მარა მაგრად ვიცინი.. ხოლმე.
    დაჟე უფასო რეკლლამას დავდები..
    მაგარი პოსტებია

  12. მე ჯანმრთელობის პრობლემების გამო მაქვს ზედმეტი წონა,ისიც როგორც ასეთი მთლიანად მსუქანი არ ვარ მაგრამ მუცელი მაქვს,რაც წარმოიდგინე და უფრო ცუდი სიტუაციაა ვიდრე მთლიანად სიმსუქნე,ფეხებზე ძალიან გამხდარი ვარ და მაქვს მხოლოდ მუცელი და თეძოები,საშინელებაა როცა ყველა იმაზე მიგითითებს რომ არ ხარ მსუქანი მაგრამ მუცელი გაქვს და სჯობს მოიშორო,ან კიდევ უარესი როცა ტრანსპორტში ვინმეს ორსული ვგონივარ და ადგილს მითობენ,ბოლო დროს კი უფრო და უფრო გავსუქდი,დედაჩემის და კიდევ ზოგიერთების რეპლიკებმა და გულსატკენმა სიტყვებმა ბოლოს მაინც დიეტამდე მიმიყვანეს,დღეს პირველი დღე მაქვს დიეტის,ნელ-ნელა შევეჩვევი იმედია,მიჭირს მაგრამ მაინც,მთავარია გავხდე და პირველ რიგში ჩემი თავი მომეწონოს და მერე ყველას მოვაკეტინო.. : )) მადლობა სტატიისთვის,მართალი ხარ ნამდვილად..

  13. აუ, ანინა, ზუსტად იგივენაირად რთულია, როცა ზედმეტად გამხდარი ხარ და აბსოლიტურად ყველა ძალიან ან არც ისე ახლობელი ადამიანი ტვინს გიბურღავს, იმაზე, რომ 2-3 კილო რომ მოგემატებინა რა კარგი იქნებოდი. დამიჯერე, რა რთულია იცი? ზეპირად ვიცი მაგათი სიტყვები – რა არგუმენტებიც არ უნდა უთხრა – ,, მე ჩემი თავი ძალიან მომწონს”, ,,კაცებს ასეთი მოვწონვარ”, ,,ჩემს ბიჭს ასეტი მოვწონვარ” და ა.შ. წაიგრძელებე კისერს და გეუბნებიან – ,,სახეზე რომ არ გიხდებააააააააა” . ჰოდა აი, არ ვიცი რა გითხრა იმის გარდა, რომ წაიღეს რა ტვინი ამ არამკითხე მოამბეებმა!!! ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება ჩემს სიგამხდრეზე მაგათი კომენტარები რომ ავიტანო. თან შეკვეთებსაც მაძლევენ, რომ კონკრეტულად ,,მხრებზე და სახეზე მოვიმატო” და მეტი არსად.

  14. ramdenime dgis tsin, chems blogze, zemot mokvanili temis sachirboroto sakitxebs “mec” ganvixilavdi.
    shens argumentebs sruliad vetanxmebi…ubralod ert uarkopit tvisebas davamatebdi, romelic ertmanetze akidebuli problemebis jachvs qmnis.
    MKERDI!
    cximebtan ertad mkerdic kreba, radgan es ukanaskneli dziritadad cximebisgan shedgeba.
    “umkerdoba” (umetes shemtxvevashi)istvevs “ukacobas”, “ukacoba” “usexobas”, “usexoba” “frustracias” da “frustracia” “apetits”. hoda trialebs “bedkruli adamiani” “eshmakis tsreshi” da agar icis ra knas :))
    Sabednierod, rogorc kvela problemas am problemasac metnaklebad eshveleba, tu mkerdis kuntistvis gankutvnil savarjishoebs bejitad shevasrulebt.
    (hollywoodis “happy end” ebis zegavlenis kvesh var))

    • ეკატერინე, მე ვისაც ვიცნობ მამაკაცებს, ყველას 1-2 ზომის მკერდი ურჩევნია 3-4-ს. ასე რომ არ იდარდო, უმკერდობა უსექსობას არ იწვევს :)

  15. Anin, აბა შენ იცი :)
    p.s. მადლობა ღმერთს რომ 183 სანტიმეტრი ვარ და 64 კილოგრამი ^_^ (ჩემი სტანდარტებით ვბლატაობ) არა მართლა… ძალიან მიხარია რომ მიხედე მაი ამბავს :) დამიჯერე ბევრი რაღაცა უკეთესად იქნება რამდენიმე კილოგრამით ნაკლები შენ რომ დარჩები :)

  16. მე საერთოდ არ მაღელვებს ჩემი წონა,ის ვარ რაც ვარ.ნო ხანდახან კი მიჩდება სურვილი ცოტა გამხდარი ვიყო როცა ახალ ჯინს ვყიდულობ მაშინ,მაგრამ ეს წუთიერია………………………..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s